პაპუაშვილს რომ მოეწონება, ისეთი საარჩევნო კამპანია, ღმერთმა ნუ მოგვცეს - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა ობოლაძე "ქართული ოცნების" ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს, რომლებმაც დღეს, 31 აგვისტოს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა.
ობოლაძის თქმით, მთავარი თემა, რაც მმართველ გუნდს აწუხებს, ბილბორდებში დახარჯული თანხებია, რომლებიც ობოლაძის თქმით, სირცხვილის დაფად გადაიქცა.
"პაპუაშვილმა 15 წუთი დაუთმო იმას, რომ ოპოზიციას არ აქვს კარგი საარჩევნო კამპანია. ჯერ ერთი, პაპუაშვილს რომ მოეწონება, ისეთი საარჩევნო კამპანია, ღმერთმა ნუ მოგვცეს და ძალიან კარგია, თუ არ გვაქვს ისეთი საარჩევნო კამპანია, რომელიც ოცნებას არ მოსწონს და მეორე მთავარი, რაც ოცნებას აწუხებს, არის ის, რომ ათობით მილიონი ლარი, რომელიც გადაყარა ბილბორდებში, გადაიქცა იმად რომ ბილბორდების ნაცვლად გაკრულია სირცხვილის დაფები",- თქვა ნიკა ობოლაძემ.
"ქართული ოცნების" ლიდერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგ დღეს არეულობისთვის ემზადება. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვილმა თქვა, რომ ამაზე ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია მიანიშნებს.
პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები არ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობენ პროგრამაზე. ამასთან, მისი თქმით, ისინი არ იყენებენ რეკლამისთვის განკუთვნის ბილბორდებს, რათა შემდეგ თქვან, რომ კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა.