"ოცნებამ" პარტიული ინტერესები დააყენა EU-ში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანზე მაღლა - "დროა"

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური პარტია "დროა" ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ოცნება" საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციის და ავტორიტარიზმის გზას ადგას. პარტია პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის  75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე უარს ამბობს ანტიდასავლურად აფასებს.

პარტია წერს, რომ სასამართლო სისტემის საფუძვლიანი რეფორმის გარეშე, წარმოუდგენელია საქართველოს წარმატებულ ქვეყნად ქცევა და სწორედ ამიტომაა ეს საკითხი მოკავშირეების ყურადღების ცენტრში.

"კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკას და უშუალოდ ხალხს სერიოზული ზარალი მიადგა, რომლის ოდენობაც პანდემიის არასწორი და უპასუხისმგებლო მართვის შედეგად მოსალოდნელზე გაცილებით დიდია. ამ მოცემულობის პირობებში, გუშინ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ურცხვად განგვიცხადეს, რომ საქართველოს ეკონომიკას აღარ სჭირდება მარკო-ფინანსური დახმარების მიზნით, ევროკავშირის მიერ მისაცემი უპროცენტო სესხი და ამიტომ უარს აცხადებენ მასზე.

დღეს, საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ კი დაადასტურა, რომ ხელისუფლება თვალში ნაცარს გვაყრის და აღნიშნული მაკროფინანსური დახმარება საქართველომ ვერ მიიღო მისი წინაპირობების შეუსრულებლობის, მათ შორის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლისა და მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის კრახის გამო.

ყოველი ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ივარაუდა რა ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დახმარების მეორე ტრანშის შეჩერება, „ქართულმა ოცნებამ“ ვიწროპარტიული ინტერესები დააყენა ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანზე მაღლა", - წერია პარტიის განცხადებაში.

"დროა" წერს, რომ ამ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომავალ არჩევნებს, რაც უნდა გახდეს ამ რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საწინდარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი