"უმძიმესი, სახიფათო თამაშია, რითიც აუცილებლად ისარგებლებს პუტინი. სწორედ პუტინთან კეკლუცობა და ცეკვაა ეს, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ბრუნდება რუსულ ორბიტაზე", - ასე აფასებს ხატია დეკანოიძე "ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
დეკანოიძე საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებას უკრაინაში, იანუკოვიჩის მთავრობის პოლიტიკას ადარებს
"ახლა უკვე ღარიბაშვილი და საქართველოს ხელისუფლება თვითონ აკეთებს ამ დეკლარირებას, რომ საქართველომ გადაუხვია მკვეთრად ევროატლანტიკური კურსიდან და მე მახსენდება 2013 წლის ნოემბერი, როდესაც მაშინდელმა უკრაინის პრემიერმინისტრმა, აზაროვმა, დახმარებაზე ევროკავშირის მხრიდან უარი თქვა იანუკოვიჩის დავალებით და შემდეგ უკვე ასოცირების შეთანხმებაზე. საქართველოში ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარყო ევროატლანტიკური კურსი" - ამბობს დეკანოიძე.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ 31 აგვისტოს, თქვა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს.
ღარიბაშვილის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 75 მლნ ევროს ოდენობის მიკროფინანსური დახმარება 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებას შეასრულებდა, რომელიც 2020 წლის სექტემბერში აიღო. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.