ევროპის დახმარება მოდის ქართველი ხალხისთვის და არა პრემიერმინისტრისთვის - რასა იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა, საქართველოს ევროპული გზის წინააღდეგ არის წასვლაა. "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა, "დღის სტუმარში" საუბრისას ევროპარლამენტარი ამბობს, რომ დაზიანებული ნდობის აღსადგენად მთავრობამ დაპირებული რეფორმები მაინც უნდა გაატაროს.

"ევროკავშირის დახმარებას ყოველთვის ახლდა პირობითობა. ხელისუფლების უარი ევროკავშირს, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობას არ სურს რეფორმების გატარება. ის, რასაც ევროკავშირი აკეთებს, აკეთებს საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა თავად ევროპისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ეს კეთდება ქართველი ხალხისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის

მე მაინც მინდა იმედი ვიქონიო და მთავრობას შევახსენო, რომ აიღებენ თუ არა ისინი ევროპულ დახმარებას, მაინც უნდა გააგრძელონ რეფორმები, რადგან საქართველომ უნდა აღიდგინოს ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ახლა დაზიანებული და დაკარგულია",-თქვა რასა იუკნევიჩიენემ
 

​იუკნევიჩიენემ ასევე აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ნათლად უნდა თქვას, ეთანხმებიან, თუ არა ისინი ხელისუფლების მხრიდან ევროპული გზის უარყოფას. იუკნევიჩიენეს თქმით, ამის გარკვევის გზა გამჭვირვალე არჩევნები იქნება.

ასევე იუკნევიჩიენე ამბობს, რომ ევროკავშირი დახმარებას არა პრემიერმინისტრისთვის, არამედ ხალხისთვის აგზავნის, მთავრობა კი ვალდებულია, რომ თანხები ხალხსა და მათთვის საჭირო რეფორმებს მოახმაროს.

"ხალხია უმთავრესი, ევროპის დახმარება, ვალი მოდის ქართველი ხალხისთვის და არა პრემიერ-მინისტრისთვის. მთავრობისა და პრემიერის პასუხისმგებლობა კი ის არის, რომ ეს თანხა მოხმარდეს ქართველ ხალხს და ხალხისთვის საჭირო რეფორმებს, რომლითაც საქართველო გახდება უფრო ევროპული. ფაქტია, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ევროპული გზის წინააღდეგ მიმართული",- ამბობს ევროპარლამენტარი 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ 31 აგვისტოს, თქვა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს. მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს.

ღარიბაშვილის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 75 მლნ ევროს ოდენობის მიკროფინანსური დახმარება 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებას შეასრულებდა, რომელიც 2020 წლის სექტემბერში აიღო. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი