"თუ რაიმე სიბინძურე იხარშება მათ თავებში ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი არის ეს ვაჟბატონი"| ღარიბაშვილი ისევ ნიკა გვარამიაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

"თუ რაიმე სიბინძურე იხარშება მათ თავებში ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი არის ეს ვაჟბატონი, რომელიც ანადგურებდა ქვეყნის განათლებას" - ​პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ესხმის თავს.

"მთავარის" ჟურნალისტმა, ღარიბაშვილს, საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადებების შეფასება სთხოვა, რომელიც ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე უარის თქმას შეეხებოდა. ღარიბაშვილმა ჟურნალისტთან კვლავ იგივე გაიმეორა და თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნიდნენ, რატომ თქვა მთავრობამ ვალზე უარი: "ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით და ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ გადავწყვიტეთ უარი აღნიშნული დამატებითი ვალის აღებაზე და ვფიქრობ, რომ ყველა კითხვა იქნება მოხსნილი",-თქვა მან.

ამის შემდეგ "მთავარის" ჟურნალისტმა ღარიბაშვილთან კითხვა დააზუსტა და მას უთხრა, რომ კელი დეგნანმა განცხადებაში არა ევროკავშირის ვალი, არამედ დახმარება ახსენა. ამაზე კი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს არა ელჩის, არამედ ნიკა გვარამიას მესიჯი იყო.

"თქვენ საიდან ხართ ბოდიში? ეს არის გვარამიას მესიჯი, გადაეცით გვარამიას, რომ ის არის გარყვნილების პროპაგანდისტი",- თქვა ღარიბაშვილმა.

დღეს, 2 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის დახმარებაზე მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მათი განცხადებით გაოცებული დარჩა: "სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება €75 მილიონი ევროს დახმარება",- თქვა მან.

ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის თანხა არა დახმარება, არამედ ვალია და მასზე უარს თავად მთავრობა ამბობს. ღარიბაშვილის კომენტარებს ევროკავშირი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი