ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი "ნაციონალური მოძრაობის" მხირდან შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იმის ხელმოწერა, რაც პირველ რიგში დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროსაა გვიან.
"მოგეხსენებათ, რომ დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის მედიაციით შედგა. მან დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის სახელით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარების ჩათვლით და თავი არავის შეუკავებია. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად, პარლამენტის 150 არჩეული წევრიდან 147-მა სხვადასხვა ეტაპზე მხარი დაუჭირა შეთანხმებასა და მის შინაარსს, თუმცა, სხვადასხვა დროს. ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან და, შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან.
მტკიცედ მჯერა, რომ ეს რეფორმები სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავაც მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ამ რეფორმების განხორციელების ერთგულია", - თქვა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ოფიციალურად დღეს, 2 სექტემბერს მოაწერა.