გპირდებით, რომ ზუსტად ისევე ხელმისაწვდომი ვიქნები თითოეული თქვენგანისთვის, როგორც ახლა ვარ - სოფო ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"საკრებულოში ყოფნა გაცილებით მეტ საშუალებასა და გზას გამომიჩენს, რომ თქვენი გვერდში დგომა უფრო ძლიერად და მყარად შევძლო" - ამის შესახებ Facebook-ზე "მედგიდის" დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე წერს, რომელიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს პარტიული სიის პირველ ნომრად დასახელდა. 

ჯაფარიძე განმარტავს, რატომ მიიღო პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება და პირობას დებს, რომ მოქალაქეებისთვის ისეთივე ხელმისაწვდომი იქნება, როგორიც ახლაა.

"ჩემო მეგობრებო! დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში.

თუ ვინმემ არ იცით, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სამედიცინო საქმიანობასთან ერთად, ჩემი წილი პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ველზეც ავიღე, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმან განაპირობა, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ ჩვენც, ჩვენმა მშობლებმაც და შვილებმაც.

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის პირველი ნომერი, რაც ერთმნიშვნელოვნად უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს, როგორც პარტიის, ასევე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქეს წინაშე.

ჩემთვის უდიდესი პრობლემაა ის პოლარიზება, რაც დღეს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხდება. შესაბამისად, პირობას ვდებ, რომ ჩემი ორიენტირი მხოლოდ საქმის კეთებაზე, ჩვენი ქალაქის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაზე და შეუჩერებელ განვითარებაზე იქნება მიმართული.

დადგა დრო, გავერთიანდეთ და შევქმნათ ისეთი გარემო, საიდანაც არავის ექნება გაქცევის სურვილი.

დადგა დრო, ჩვენი ქალაქის უდიდესი პოტენციალი სწორად იქნას აღქმული, გაანალიზებული და გამოყენებული.

დადგა დრო, პოლიტიკური გეზი მხოლოდ დასავლეთისკენ იყოს აღებული!

გპირდებით, რომ ზუსტად ისევე ხელმისაწვდომი ვიქნები თითოეული თქვენგანისთვის, როგორც ახლა ვარ და გპირდებით, რომ მინიმალური შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი „ახლავე“-ს რეჟიმში დავუდგები გვერდით თითოეულ თქვენგანს.

რაც შეეხება შესაძლებლობებს - ამჟამად თითოეული იმ ადამიანის დახმარებას, ვინც ჩემთან გამოდის კონტაქტზე, სრულიად ჩემი რესურსით ვცდილობ. საკრებულოში ყოფნა კი გაცილებით უფრო მეტ საშუალებასა და გზას გამომიჩენს, რომ თქვენი გვერდში დგომა უფრო ძლიერად და მყარად შევძლო და ჩემს რესურსთან ერთად სახელმწიფოს რესურსიც დაგახმაროთ.

და ბოლოს, ვიცი, რომ ზოგს ჩემი პოლიტიკაში გამოჩენა არ მოგწონთ იმ კუთხით, რომ „პოლიტიკა სიბინძურეა“, ამ პირობასაც ვდებ, რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს სტერეოტიპი გაგიქროთ. ვეცდები უმოკლეს დროში მიზან-შედეგობრივად(!) დაგანახოთ თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი", - წერს სოფო ჯაფარიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი