როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი - განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე და მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება ევროტრანშზე უარის თქმის გამო.
ზურაბიშვილის თქმით, "ოცნების" ხელისუფლების არგუმენტი "გაუგებარი ნაბიჯია"
"სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია! ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება! ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით - არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა! მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც. დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარ ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია, და ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე ვიდრე აქამდე. როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“ და ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა!" თქვა სალომე ზურაბიშვილმა.