არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, "ქართული ოცნებისთვის" შეწირული თანხის ოდენობა მხოლოდ აგვისტოს თვეში 4 მილიონი ლარით გაიზარდა. პარტიას ფული 200-ზე მეტმა პირმა შეწირა.
ორგანიზაციის ცნობით, შემომწირველებს შორის არიან პირები, ვისი კომპანიებიც მსხვილ ტენდერებში იმარჯვებენ, მათ შორის უკონკურენტოდ, რაც კორუფციის ეჭვებს და რისკებს ზრდის.
ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა შპს გზა, რომელსაც 2011 წლიდან 100 მილიონზე მეტის ტენდერები აქვს მოგებული, კომპანიის დირექტორი კი "ქართულ ოცნებას" ფულს წირავს.
"მაგალითად, შპს გზა, რომელიც 2005 წელს დაარსებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ კომპანიის დაარსების დღიდან დღემდე კომპანიის დირექტორი და მისი პარტნიორი ერთი და იგივე პირები არიან, კერძოდ, ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიაში დირექტორის თანამდებობას მალხაზ დუმბაძე იკავებს, ხოლო მისი ბიზნესპარტნიორი და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა. კომპანია 2011 წლიდან ჩნდება ელექტრონულ ტენდერებში, 2011-2021 წლებში მან ჯამში 183 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 74 შემთხვევაში გაიმარჯვა და კომპანიასთან 101,151,958 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა. 29 შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია, ამ გზით მან 46,239,913 ლარის ხელშეკრულებები დადო. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, 2012-2021 წლებში ასეთი სულ 29 შემთხვევა ფიქსირდება. ამ გზით დადებული ხელშეკრულებების ღირებულება თითქმის 10 მლნ ლარია (9,589,167)", - ამბობენ ორგანიზაციაში.
"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, შემომწირველთა რიგებშია ასევე კერძო პირიც, რომლის ორივე კომპანია “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს.
"ირაკლი ვეკუა, რომელმაც აგვისტოში ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შეწირა, 2020 წელს კი - 17,000. ირაკლი ვეკუას ორი კომპანია აქვს- შპს გეოფიშ კომპანი და შპს აისბერგი 2. აღნიშნული კომპანიები “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ფინანსდებიან. კერძოდ, 2019 წლიდან “აწარმოე საქართველოს” პროგრამის მიერ მხარდაჭერილ ბიზნესთა ჩამონათვალს საზღვაო თევზჭერაც დაემატა. პროგრამის ფარგლებში გაიზრდება როგორც სესხის მოცულობა, ასევე სესხის დაფარვის ვადაც. ეს ცვლილება ითვალისწინებს მეთევზეების მხარდაჭერას ორი სახელმწიფო პროგრამით: “აწარმოე საქართველოში” და “საკრედიტო საგარანტიო სქემა.”
“აწარმოე საქართველოდან” გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, შპს გეოფიშ კომპანი მხოლოდ “აწარმოე საქართველოდან” დაფინანსდა და 177,366 ლარი მიიღო. რაც შეეხება შპს აისბერგი 2-ს, კომპანიამ “აწარმოე საქართველოდან” 118,948 ლარი მიიღო", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯამში "ქართული ოცნებისთვის" სხვადასხვა პირისა თუ კომპანიისგან შეწირული თანხის ოდენობა 87,893,711 ლარს შეადგენს.