22 აგვისტოს ოკუპანტებმა ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ აღმართეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
მიმდინარე წლის 22 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართს მიღმა უკანონოდ აღმართეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი.
აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.