შარლ მიშელის დოკუმენტზე - "საქართველოს ევროპული გზა" ახლა ნაციონალური მოძრაობის ყველა იმ წევრის ხელმოწერაა ვინც პარლამენტში მოხვდა.
მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვეტილებას თითქმის 5 თვის შემდეგ ხელი მოეწერა შარლ მიშელის დოკუმენტისთვის პოლიტიკური ვითარების მკვეთრად შეცვლით ახსნა.
ამ პოლიტიკურმა სვლამ ოცნება წყობიდან გამოიყვანა. ნაციონალური მოძრაობის მოპასუხე დღეს ირაკლი ღარიბაშვილი იყო და ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენას არ იშურებდა. მან დღეს კატეგორიული ტონით განაცხადა რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ქართული ოცნება აღარ დაუბრუნდება და რომ დოკუმენტი ანულირებულია.
პრემიერ-მინისტრსა და ოცნებას დღეს ოპონენტები ახსენებდნენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი დოკუმენტი ძალაშია და სტრატეგიული პარტნიორებიც სწორედ ამ შეთანხმების მიხედვით ხელმძღვანელობენ. შესაბამისად ძალაშია დათქმა 43%-იან ბარიერზე, რომ თუ ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ნიშნულზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ქვეყანაში 3 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
მთავარი შუამავლები ევროკავშირი და აშშ, ასევე ხელმომწერ ოპოზიციაში აცხადებენ რომ შეთანხმება მისი ყველა პუნქტით მოქმედია და მმართველ პარტიას მისი გაუქმება ვერ გამოუვა.