"საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის" და "მოძრაობა "სირცხვილიას" ინიციატივით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამოქალაქო საარჩევნო კომისია იქმნება.
როგორც "სირცხვილიას" აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, კომისიის მიზანი არჩევნების საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება იქნება.
"ამ მიზნით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ: წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი, მათზე რეაგირება; არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროული გამოქვეყნება; არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის", - აღნიშნა დიღმელაშვილმა.
მისივე თქმით, კომისიას ექნება ვებგვერდი cec.org.ge, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ასევე საარჩევნო ოქმები აიტვირთება.
პროექტის იდეის ავტორი საარჩევნო სისტემების სპეციალისტი აკაკი ხუსკივაძეა. მან ყველა მხარეს მოუწოდა, ინიციატივას შეუერთდნენ და საარჩევნო უბნები დაიცვან.
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად დაგვანახა, თუ რა მყიფეა ახალგაზრდა დემოკრატია საქართველოში. ჩვენ უკვე გვაქვს შეფასება, რომ საპარლამენტო არჩევნებმა გაიარა ლეგიტიმაციის ზღვარზე. 2021 წლის არჩევნების დასაცავად, ვიწყებთ ახალ ინიციატივას ალტერნატიული სამოქალაქო საარჩევნო კომისიის შექმნის კუთხით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შემოგვიერთდით, დავიცვათ ჩვენი უბნები კონკრეტული ზეგავლენისაგან, ალტერნატიულ რეჟიმში გამოვაქვეყნოთ საარჩევნო ხმები და მათი დათვლის შედეგები", - აღნიშნა აკაკი ხუსკივაძემ.