პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წინა ხელისუფლებაზე თავდასხმებს აგრძელებს.
ამჯერად მან "ნაციონალური მოძრაობის" მინისტრებზე ტყიბულში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას ისაუბრა და ისინი საკუთარი მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეადარა:
"ერთერთ გამოსვლაში, მე შედარებისთვის ჩვენს მოსახლეობის გავახსენე იმ მჩაგვრელი ადამიანების სახეები და სახელები და შევადარე ჩემი მთავრობის რამდენიმე მინისტრს. ძალოვანი მინისტრები რომ ავიღოთ, ციხეებში არსებული მდგომარეობა იყო შოკისმომგვრელი. ის კადრები, რომელიც ვიხილეთ მთელმა მსოფლიომ, დამზაფვრელი და კატასტროფული იყო. გვახსენდება ვინ იყო იმ დროს ხელმღვანელი, შეადარეთ ახლა იუსტიციის მინისტრი, რომელიც ასევე პენიტენციურ სისტემას ხელმძღვანელობს, პროფესორი რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, ახალაიას, ვახტანგ გომელაური შეადარეთ ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავა შეადარეთ კახი კალაძეს, გიგა ბოკერია და უამრავი სხვა, კეზერაშვილი, შეადარეთ ჯუანშერ ბურჭულაძეს, უწესიერეს კაცს. გრიგოლ ლილუაშვილი შეადარეთ დათა ახალაიას. ნიკა გვარამია, კაცი რომელიც იყო განათლების მინისტრი, შეადარეთ ახლა ჩვენ მთავრობაში მიხეილ ჩხენკელს, მეცნიერ კაცს.
ეს ადამიანები არსად წასულან, ვინმეს ილუზია არ გაუჩნდეს, რომ სხვა ძალასთან გვაქვს საქმე. ამ სხვაობას ხედავს ხალხი და შესაბამის ვერდიქტს გამოიტანს 2 ოქტომბრის არჩევნებზე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.