პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე მთავრობის უართან დაკავშირებით პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას პასუხობს.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს საკითხთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.
"მე ვფიქრობ პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ვალზეა საუბარი, და როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები, საერთოდ როგორ მართავს მთავრობა ამ პროცესს.
მინდა ვთქვა, რომ ვფიქრობ, გადაჭარბებული, გაზვიადებული არის შეფასება იმის თაობაზე რომ თითქოს მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი, კარგია რომ ეს სიტყვა შევცვალეთ და დახმარების მაგივრად ვთქვით ვალი. დიახ ვალია, სესხი იყო და ზოგადად ჩვენ ვთქვით, რომ ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. იმ სესხებზე თქვა უარი, რომლის არაღებაც არ შექმნის რაიმე პრობლემას", - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა ევროკავშირის მხრიდან 75 მილიონი ევროს დახმარებაზე უარის თქმის გამო მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ "დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია!"