სპეციალისტები უნდა დაინტერესდნენ, დიაგნოზს დასვამენ და უმკურნალებენ - მედიამენეჯერები ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

მედიამენეჯერები პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურებიან, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კანდიდატების წარდგენისას კრიტიკულ არხებს, განსაკუთრებით კი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ყოველდღიურად ესხმის თავს. 

ისინი ღარიბაშვილს ურჩევენ, საკუთარი თავი გამოიკვლიოს.

"აქამდე მეუხერხულებოდა წულუკიანის კომენტირება, იმიტომ, რომ ვერ ვხვდებოდი ჩემთან დაკავშირებით მუდმივად რატომ საუბრობდა. ახლა კიდევ უფრო მეტად მეუხერხულება ღარიბაშვილის კომენტირება. ამ მდგომარეობას ორივეს მდგომარეობას ჩემთან დაკავშირებით ჰქვია პერსევერაცია, აკვიატება და გარკვეული ფსიქოლოგიური თუ ფსიქიატრიული კონდიციების მანიშნებელი სიმპტომია. ერთადერთი რჩევის სახით მინდა გავიხსენო ისტორია ქალბატონ ელენე თევდორაძესთან დაკავშირებით, რომელსაც უჭირდა ქართული და ერთხელ ზურაბ ჟვანიამ უთხრა, რომ გამოიკვლიე სამეცნიერო თვალსაზრისით საკუთარი თავიო, ქალბატონმა ელენემ უპასუხა, რომ მე უკვე გამოკვლევებული ვარო. ჰოდა, რა ვიცი, ბატონ ღარიბაშვილს ვურჩევდი, რომ გამოიკვლიოს საკუთარი თავი", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირიშვილის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ღარიბაშვილს აქვს სურვილი და დრო, "სისულელეები ილაპარაკოს".

"ღარიბაშვილის დამოკიდებულება და ეს უცნაური მიზიდულობა გვარამიას მიმართ იმდენად არაჯანსაღია, რომ ამით სხვა სფეროს სპეციალისტები უნდა დაინტერესდნენ, ვფიქრობ დიაგნოზსაც დასვამენ და მარტივად უმკურნალებენ. ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს, როდესაც ყოველდღიურად ათეულობით თანამოქალაქე გვეღუპება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკით, ამ ადამიანს აქვს სურვილი, დრო ხალისი, რომ სისულელეები ილაპარაკოს". - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

პრემიერის განცხადებებზე ისაუბრა ასევე ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ: 

"ამ ვითარებაში ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მედიის საწინააღმდეგოდ ასე მიზანმიმართულად იქცევა ქვეყნის პრემიერი, რომელსაც ყოველდღიურად 81 მოქალაქე უკვდება, რომელიც ზღვარზეა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალური ურთიერთობების გაწყვეტის, ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის შესაფასებლად შეგვიძლია ვთქვათ ორი სიტყვით, რომ ის ვერ გაცდა პოლიტტექნოლოგების უმარტივეს პრიმიტიულ რჩევებს, რომ ყველაფერი შავად, თეთრად, კეთილად და ბოროტად უნდა დაყოს, იმიტომ რომ ამ ბოროტებში უნდა გაიყვანოს ყველა, ვინც მის ნავში არ ზის", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია კვლავ წინა ხელისუფლების კრიტიკას და ლანძღვას ეთმობა. წელს ამ მხრივ სიახლეა ის, რომ ხელისუფლებამ მედიაზე და მედიამენეჯერებზე თავდასხმა ამ ფორმატშიც გააგრძელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი