თბილისი კახა კალაძის ბილბორდებით სავსეა. მერს ამ მასშტაბის რეკლამა 20 დღეში მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. არადა, კახა კალაძე რამდენიმე თვის წინ ამტკიცებდა, რომ მას რეკლამა არ სჭირდება.
ქართულმა ოცნებამ აგვისტოში მთელი საქართველოს მასშტაბით ბილბორდებისთვის ჯამში, 2 მილიონ ნახევარზე მეტი დახარჯა. თუმცა, მმართველი გუნდისთვის ბილბორდი საკმარისი არ აღმოჩნდა და კოლოსალური ხარჯები გაიღო ინტერნეტ რეკლამისთვისაც - 311 ათას 245 ლარი.
წინასაარჩევნოდ შემოწირულობის სახით პარტიამ 4 მილიონი ლარი მიიღო.
ფლანგვის დეტექტორში კორუფციულ სქემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შემომწირველების უმრავლესობა იმ კომპანიის მფლობელია, რომელიც ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს, ხშირ შემთხვევაში უკონკურენტოდ.
ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებზე გარე რეკლამაზე უარი თქვა. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ რეკლამაზე თანხის ხარჯვა პანდემიის პირობებში შექმნილი რეალობისთვის შეუსაბამოა.
პანდემიის ფონზე, როდესაც ქვეყანაში მთავარ გამოწვევას აცრილთა რაოდენობის ზრდა წარმოადგენს, ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ვაქცინაციის პოპულარიზაციას ხელი შეუწყონ და ბანერებზე დაიტანონ წარწერა - ერთად წავიდეთ და ავიცრათ!