5 ივლისის ძალადობიდან ორი თვე გავიდა - არც ერთი ორგანიზატორი დასჯილი არაა

გამოქვეყნდა:

5 ივლისის ძალადობიდან ზუსტად 2 თვე გავიდა. დაუსჯელი მოძალადეები, თავისუფალი დამკვეთები და პასუხისმგებლობას გაქცეული ორგანიზატორები - ასეთია შედეგი იმ ე.წ აქციის, სადაც რადიკალებმა ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემეს, მედიის 53 წარმომადგენელს, წიხლებით შედგნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

სისხლიანი ანგარისშწორება და ჟურნალისტების სამაგალითო დასჯა ახსოვს ყველას, "მეოცნებეების" გარდა. დღეს 12 საათზე 5 ივლისზე საგანგებო განცხადებას სახალხო დამცველი გააკეთებს - "მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ ნინო ლომჯარია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას კონკრეტული პირების მისამართით ითხოვს.

ამ თემას ხელისუფლებიდან ბოლოს პრემიერი გამოეხმაურა, მან 5 ივლისის მოვლენებს პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ ეს აღკვეთეს. ღარიბაშვილა ოპოზიცია ამჯერად ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამიტომ იდგნენ ისინი ლგბტ მარშის უკან.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი, კერძოდ:

• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 27 პირი;

• "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;

• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი