
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის აზრით, წინასაარჩევნოდ პრემიერის რიტორიკა ოპონენტებისა და მედიამენეჯერების მიმართ რეალობის შესაბამისია.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებები ნებისმიერ საკითხში ადეკვატურია და ეთანხმება.
"სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური ველი არის დაცლილი საქმიანი, აზრიანი კრიტიკისგან, რაც მთავრობას ასე რიგად სჭირდება, ნებისმიერ მთავრობას, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართული ოცნების მთავრობა, თუ არა, ზოგადად, მთავრობას იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად ვითარდებოდეს და დემოკრატიული პროცესები მიდიოდეს ქვეყანაში. ჩვენ ამის სანაცვლოდ ვიღებთ, აბსოლიტურად უშინაარსო და არაკომპეტენტურ რაღაცა გამოხტომებს და პრემიერის მხრიდან არის ამაზე ადეკვატური პასუხი", - თქვა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, წლევანდელ წინასაარჩევნო გამოსვლებში "ქართულმა ოცნებამ" წინა ხელისუფლების კრიტიკას ოპოზიციური მედიების წარმომადგენლების ლანძღვაც დაამატა. ირაკლი ღარიბაშვილისთვის ამ მხრივ გამორჩეული "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აღმოჩნდა, რომელიც წინა კვირას არაერთ ქალაქში დღეში რამდენჯერმე ახსენა.