მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს - კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან

გამოქვეყნდა:

საქართველოში მყოფი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ და იქ არსებულ მძიმე ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

კონგრესმენმა ბრაინ სტილმა თქვა, რომ საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

"მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას",- აღნიშნა კონგრესმენმა ბრაიან სტილმა.

"მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ვითარების - ოკუპაციის ნახვა და მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს და ღრმად ვართ შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელსაც აქ აქვს ადგილი. აქ სულ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი ვიმყოფებით იმის გამოსახატავად, რომ ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და მხარს ვუჭერთ მას",- განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ.

საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ, კონგრესმენები ოფიციალურ შეხვედრებს დაიწყებენ. ცნობილია, რომ 5 წევრიანი დელეგაცია შეხვედრებს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან გამართავს. აუდიენციისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველოში შექმნილ კრიზისზე ისაუბრებენ.

ცნობისთვის, ეს პირველი ვიზიტია, მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირს დახმარებაზე უარი უთხრა და შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში არიან - ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი) და სხვ.

ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერაა ორგანიზებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი