რუსეთის დაზვერვის კონტროლ ქვეშ ჰაკერებმა ევროპის ქვეყნების საჯარო დაწესებულებებზე კიბერშეტევები განაახლეს - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს რომ რუსმა ჰაკერებმა კიბერშეტევები გერმანიის პარლამენტსა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებზე მიიტანეს.
მომხდარს გმობს ოფიციალური ბერლინი და მოსკოვს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის საერთაშორისო კიბერშეტევებსა და სოციალურ ქსელებში ბოტების გამოყენებაში ადანაშაულებენ.
რამდენიმე საათის წინ, BBC-მ ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც კრემლის მხარდამჭერი ტროლების შესახებაა საუბარი. ირკვევა, რომ რუსი ტროლები ევროპული სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე მაშტაბურ თავდასხმებს აწარმოებენ და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე კომენტარებს წერენ, რითაც მოქალაქეებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.