ირანმა შურისძიების ოპერაცია გამთენიისას პირველ საათსა და 45 წუთზე დაიწყო. ღამით ერაყის რაკეტებმა ცა გაანათეს. თეირანმა მეზობელ ქვეყანაში დისლოცირებული სამხედრო ბაზების მიმართულებით 15-მდე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.
ეს რაკეტები 2 ამერიკულ სამხედრო ბაზას მოხვდა, რომლიდან ერთი ერაყის დედაქალაქთან ახლოს ალ-ასადის ბაზაა, სადაც 1500 სამხედრო მსახურობდა, ხოლო მეორე ბაღდათიდან ჩრდილოეთით მდებარეობს.
ირანული მედია ამტკიცებს, რომ ყველა რაკეტა სამიზნეს გაარტყა, 80 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა. ამ ცნობებს უარყოფს ვაშინგტონი, ამბობენ, რომ მსხვერპლი არ არის. ჩვენი ამერიკელი კოლეგები წერენ, რომ დაბომბვამდე რამდენიმე წუთით ადრე ბაზაზე განგაშის სიგნალი ჩაირთო და ჯარისკაცებმა მიწისქვეშა თავშესაფარში ჩასვლა მოასწრეს.
ირანის მახლობლად რამდენიმე ამერიკული ბაზაა განლაგებული, ირანი ამერიკელი სამხედროების ალყაშია. 14 ათასი ჯარისკაცი ავღანეთში, 13 ათასი ქუვეითსა და ყატარში, 7 ათასი ბაჰრეინში, 6 ათასი ერაყში, 5 ათასი ემირატებში, 3-3 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი საუდის არაბეთსა და იორდანიაში, 2500 თურქეთში, 800 სირიაში.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ ამერიკა ამ ტერიტორიიდან მათ დაბომბავს, ისინი იერიშს ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებზე, ისრაელსა და ემირატებზე მიიტანენ.
თბილისიდან თეირანამდე 881 კილომეტრია. ამიტომ ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლება საგანგებო რეჟიმზე უნდა იყოს გადასული, აანალიზებდეს რისკებს და საფრთხეებს, რომელიც ამ ქვეყნის გამო შესაძლოა საქართველოს დაემუქროს.