კორუფციის მასშტაბები საქართველოში სულ უფრო იზრდება. მოსახლეობის ნახევარზე მეტი დარწმუნებულია, რომ უკანონო გარიგებები ჩვეულ მოვლენად იქცა, ერთი მესამედი კი ფიქრობს, რომ დამნაშავეებს ქართული ოცნების ხელისუფლება მფარველობს.
ამ დრამატულ მონაცემებს საერთაშორისო გამჭვირვალობა აქვეყნებს. ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელსაც კვლევა აჩვენებს, ეგრეთ წოდებულ ელიტურ კორუფციას უკავშირდება - მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ხალხის აზრით მაღალი თანამდებობის პირებისთვის დანაშულებრივი ფინანსური გარიგებები ჩვეული მოვლენაა და მათი უმრავლესობა დაუსჯელი რჩება.
ორგანიზაციიდან 1 228 ადამიანს დაურეკეს და კითხეს, რას ფიქრობენ მაღალ კორუფციაზე, ანუ ფარულ გარიგებებზე, რომელსაც საჯარო მოხელეები მათ მხარდამჭერებთან ან პარტიის წევრებთან დებენ, სანაცვლოდ, მაგალითად, ტენდერებში ამარჯვებინებენ და დიდ ფულს შემდეგ შუაზე ყოფენ. 56% ამ კითხვაზე პასუხობს რომ ეს განცდა აქვთ. ირკვევა, რომ გამოკითხულთა 34% ფიქრობს, რომ ხელისუფლება, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებსაც.