"ქართული ოცნება" რეფორმებზე უარის შემდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს აცოცხლებს. გუშინ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. " ოცნების" წევრები კი ამტკიცებენ, რომ მათ ის არც კი ახსოვთ, ხოლო სასამართლო დამოუკიდებელი უწყებაა.
პოლიტიკური საქმეებიდან დღეს სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესა ჩანიშნული, ხვალ კი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასი.
"კეზერაშვილი არც მახსოვდა, როგორ ფიქრობთ აქამდე ვერ მივუსჯიდით თუ ჩვენ ვაკონტროლებთ თუ რა. სასამართლო არის დამოუკიდებელი რგოლი. პირველად გავიგე, თუ მიდის აგრკვეული სასამართლო პროცესი დაველოდოთ, ან გაამტყუნებენ, არ გაამართლებენ. ყველას აქვს შესაძლებლობა, იდავოს და გაასაჩივროს შედეგი",- ამბობს ირაკლი ზარქუა "ქართული ოცნების" წევრი.
"ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა საკითხის შეფასება არ ისურვა და თქვა, რომ იგივე პოზიცია ექნება სხვა საქმეებთან მიმართებაშიც.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი მართლმსაჯულებაა და არ უკვირთ, რომ არჩევნებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, ოპოზიციას სასჯელაღსრულების დაწესებულებით აშინებენ.