სავარაუდო ცვლილებები მთავრობაში - პრემიერ მინისტრი, შესაძლოა, ოპოზიციაში წავიდეს

გამოქვეყნდა:

მთავარი არხისთვის ცნობილი ხდება მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. არსებული ინფორმაციით პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე გიორგი გახარიას შეცვლის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. 

სუს-ს სათავეში, სავარაუდოდ, სამთავრობო დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ჩაუდგება, მის თანამდებობას კი ლილუაშვილის მოადგილე და მისივე დეიდაშვილი გიგა ნიკოლეიშვილი დაიკავებს. 

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ქართული ოცნებისვე შექმნილი ქართული ოცნების "ოპოზიციის" ლიდერად განიხილება. 

კონკრეტული კომენტარი მთავრობის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა. ჩვენს კითხვებზე გვიპასუხა მხოლოდ რომან კაკულიამ, რომელიც ამბობს, რომ იგი ასეთ კონსულტაციებში არ მონაწილეობს და არ იცის, მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები. 

რაც არის პრემიერის კომპეტენცია, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით, დე ფაქტო გავაკეთებ ამაზე კომენტარს, - ამბობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია

ოპოზიციის მტკიცებით, ნებისმიერი საკადრო ცვლილება ქვეყნის ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესების შესაბამისად ხდება. 

ამ ქვეყანაში არაფერი კეთდება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რაიმე საკადრო ცვლილება კეთდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ბიძინა ივანიშვილს. ყოფილ პრემიერებზე ვინმემ გაიგო, რატომ გაუშვეს თანამდებობებიდან? ის ხალხი ინიშნება თანამდებობაზე, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ივანიშვილის კეთილდღეობას საფრთხე არ დაემუქრება, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.  

მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ გუშინ, მთავარი არხის ეთერში, არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი