დაპირისპირება, რომელმაც ქართული პოლიტიკა სრულად მოიცვა, დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მაღალი დონის ონლაინ შეხვედრები გამართა.

ორგანიზაცია წერს, რომ შეხვედრები მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავდა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს.

"NDI-ის 2021 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს. 19 აპრილის შეთანხმების დარღვევამ, რასაც მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა უზრუნველეყო, კიდევ უფრო გაამყარა ეს განწყობა. წლევანდელი არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვითა და მოქალაქეების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი თავიანთი ერთგულება დაამტკიცონ", - აღნიშნულია NDI-ის განცხადებაში. 

ყოფილმა გუბერნატორმა ჰოვარდ დინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია.

"მთავრობამ იმ ჯგუფების პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ შორის დამოუკიდებელ მონიტორინგს, საარჩევნო პროცესების ანალიზსა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მოსაზრებების გაჟღერებას. ეს მმართველ გუნდად ყოფნის ტვირთია", - აღნიშნა მან. 

არჩევნების დღემდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, NDI შემდეგ რეკომენდაციებს აქვეყნებს:

  • ყველა ჩართულმა მხარემ პატივი უნდა სცეს საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების უფლებას, რომ თავიანთი საზედამხედველო საქმიანობა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში განახორციელონ. ასევე, დაცული უნდა იყოს იმ პირების უფლებები, რომლებიც კამპანიისა და ხმის მიცემის პროცესებში არიან ჩართულნი. მთავრობამ ამ უფლებების დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მომზადება და აღჭურვა უნდა უზრუნველყოს.
  • ხელისუფლებამ ძალადობის, დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დამნაშავეების პასუხისგებაში დროული მიცემა უზრუნველყოს.
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა მიღებული საჩივრები სწრაფად, გამჭვირვალედ და სათანადოდ განიხილოს, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი დამატებითი ნაბიჯები გადადგას.
  • ყველა პარტიის მხარდამჭერმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ძალადობისა და დაშინებისგან. პოლიტიკურმა პარტიებმა დროულად უნდა შემოიღონ და გამოიყენონ შიდა სანქციები მათთვის, ვინც ამ პრინციპებს დაარღვევს.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აწარმოონ საკითხებზე დაფუძნებული, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული კამპანიები და გამოიყენონ მაუწყებლების მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაერთონ დებატებში და საზოგადოებას თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგი წარუდგინონ. 
  • არჩევნებამდე, არჩევნების განმავლობაში და შემდეგ, ყველა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და კონსტრუქციული დიალოგის გზით რეფორმების გატარებას შეუწყოს ხელი, რაც 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით იქნება განპირობებული. ასეთმა კურსმა, შესაძლოა, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მოახლოებული არჩევნები ნამდვილი პოლიტიკური რეფორმების საწყისი იქნება.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი