
მოძრაობა "დროას" ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძის თქმით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბელარუსის ცესკო-ს დასწრება აღმაშფოთებელია.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბელარუსის ცესკო-მ ქვეყანაში ჩატარებული ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ისე გააყალბა, რომ ამას ასობით ათასი მოქალაქის პროტესტი და მსხვერპლი მოჰყვა.
"როგორც მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს საქართველოში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია დანიშნული. ამ არჩევნებს მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია დაესწრება დამკვირვებლად. აღმაშფოთებელია ამ ჩამონათვალში ბელარუსის ცესკო-ს ხილვა. მოგეხსენებათ, რომ ბელარუსში დიქტატურაა დამყარებული. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები კი ცესკომ ისე გააყალბა, რომ 100 ათასობით ბელარუსის მოქალაქე ხანგრძლივ საპროტესტო აქციებს შეუერთდა. ლუკაშენკოს ბრძანებით, ხალხი არაერთხელ სასტიკად დაარბიეს, დააპატიმრეს, ათასობით ადამიანი აწამეს. იყო მსხვერპლიც. ეს დაუნდობელი უსამართლობა ეფუძნებოდა სწორედ ცესკო-ს ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს", - აღნიშნა გოგუაძემ.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, 2 ოქტომბერს მოქალაქეებმა, პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმთან შეხმატკბილებული "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოაშორონ.
"თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სრულიად აგდებულ დამოკიდებულებას დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მათ რჩევების მიმართ და გავიხსენებთ ამავე დროს სულ ცოტა ხნის წინ ბელარუსის კგბ-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, სრულიად ცხადი ხდება "ქართული ოცნების" ხელისუფლების გეზი და ტრაექტორია. ამიტომ, 2 ოქტომბრის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და თავისუფლებისათვის. კარგად უნდა დავინახოთ, რომ პუტინის და ლუკაშენკოს რეჟიმთან შეხმატკბილებული "ქართული ოცნება" უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას", - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბერსაა ჩანიშული, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება. ამის შესახებ ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. ცნობილი ხდება, რომ ბელარუსის საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიას საქართველოს ცესკოში აკრედიტირებული 2 წარმომადგენელი ჰყავს.