ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თადვასხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინეს.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს. ის ამბობს, რომ ბანკში 52 000-ლარიანი იპოთეკური სესხი აქვს. რაც შეეხება ხელყუმბარას, მელიქიშვილმა თქვა, რომ ის რამდენიმე წლის წინ ალაზნის ჭალაში შემთხვევით იპოვა.
"მას არ გამოუყენებია დუმილის უფლება. სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მოინანია. მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. მას ვალი ჰქონდა "თი-ბი-სი" ბანკის, რის გამოც უყიდიდნენ საცხოვრებელ ბინას. ნახევარი მილიონი დოლარი მოვითხოვეო და ჩავთვალე, რომ ნახევარი მილიონი ლარიც მომეთხოვა, რადგან ლარიც საჭიროაო",- ამბობს ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი.
შალვა მელიქიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ამ დროისთვის რომელიმე მუხლის გადაკვალიფიცირებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ყვარელში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ბრალდებული ორი დღის წინ შეიჭრა. მან 13 მძევალი აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. პოლიციამ თავდამსხმელი რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა.
ავტორი: ია გულიაშვილი
იხილეთ ასევე: