საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის, შალვა მელიქიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ წლების წინ მელიქიშვილი ავარიაში მოყვა და თავის დაზიანება მიიღო. ოჯახის წევრები, ბანკზე თავდასხმას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებენ.
"ავარიის შემდეგ დიდი ხანია [ფსიქოლოგიური] პრობლემები აქვს...", -თქვა ოჯახის წევრმა სასამართლოს დასრულების შემდეგ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობილი იყო ადვოკატისთვისაც, ჟურნალისტებთან მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
რაც შეეხება სასამართლო პროცესს, დაცვის მხარემ პროცესზე 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან არ არსებობდა მიმალვის საფრთხეები.
სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.