
გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოსახლეობას მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად თენგიზ კირთაძე წარადგინა.
წარდგენისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ხელისუფლების დამარცხების გეგმაც გააცნეს, მათი პრობლემები მოისმინეს და დახმარებას დაჰპირდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ კოალიციური ერთობა არჩევნებზე შედეგს გამოიღებს. მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში პრობლემები მოგვარდეს, მთავარი ერთპარტიული მმართველობის დასრულებაა.
"ვფიქრობ, ეს კოალიციური ერთობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს, მათ შორის, მთაწმინდაზე. ვთანამშრომლობთ მჭიდროდ, თბილისელების საკეთილდღეოდ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში ბევრი პრობლემა გადაწყდეს, მთავარი პრობლემა უნდა გადავჭრათ, ერთპარტიულ მმართველობა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს განვითარების სხვა ეტაპი, რომელსაც კოალიციური მმართველობა ჰქვია", - თქვა ნიკა მელიამ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.