
"ვფიქრობ საჭიროა, იმისათვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება დაიცვან", - ასე ეხმაურება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების შესაძლო თვალთვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
მიტროპოლიტის თქმით, ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ამ დოკუმენტების გასაჯაროება მოხდა.
კითხვას - რას ფიქრობს ადამიანების საძინებლებსა და ისეთ ტერიტორიებზე მიყურადებაზე, რომელიც წესით სუს-ის ინტერესის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს, მეუფემ უპასუხა, რომ "თუ სუს-ი ისმენს, ყველაფერი უნდა მოისმინოს".
"მანდ ძნელია ძალიან გაყო, ხაზი გაავლო. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრინციპებზე, კონკრეტულად რა მოხდა, რას უსმენდნენ ან რას იგონებდნენ, რომ უსმენდნენ, ეგეც კაცმა არ იცის. თუ სუს-ი ისმენს ვთქვათ, ზოგადად, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოისმინოს ყველაფერი", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.
დოკუმენტებში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე, მოსაყდრე შიოზე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესა და პატრიარქთან დაახლოებულ სხვა პირებზე.