
"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს "ნაციონალური მოძრაობა" აგროვებდა. ვოლსკის თქმით, ფაილები გატანილია და იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც, ფაილებით მანიპულირებას განაგრძობენ.
"თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების, მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის, ჟურნალისტების, ეს იყო "ნაცმოძრაობა. ეს ფაილები არსებობს, არსად გამქრალა და ერთადერთი რაც მიმაჩნია, რომ შეცდომა იქნა დაშვებული, არ უნდა განადგურებულიყო კასრებში მოთავსებული ათასობით მტკიცებულება არაადამიანური ქმედებების და ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე, მათ შორის ის, რომლითაც ადამიანებს აშანტაჟებდნენ, ეს ფაილები არსებობს, ეს ფაილები გატანილია და იმ ადამიანების ხელშია დღეს, რომლებიც აშანტაჟებდნენ და განაგრძობენ ამ ფაილებით მანიპულირებას",- თქვა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.