ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში მთავარს კითხვას - იძალადა თუ არა მან ყოფილ მეუღლეზე, პასუხი პროკურატურისთვის გადაცემული ვიდეო მასალით გაესმება. ირკვევა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში, თითქოსად სპორტსმენი ყოფილ მეუღლეს გარკვეული ფაქტის დამალვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს უხდიდა, საუბარი ერთჯერადად გადაცემულ თანხაზე იყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს სასამართლოს დაკისრებული თანხის გარდა, აღარაფერს გადაუხდის. ამის შესახებ ჩოგბურთელის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დღის სტუმრის ეთერში ისაუბრა.
უფლებადამცველმა ასევე უარყო, რომ ბასილაშვილსა და მის ცოლს შორის რაიმე ხელშეკრულება იყო გაფორმებული და განაცხადა, რომ დოყორაშვილის მხარეს შეუძლია "რაც აქვს, ყველაფერი" გამოაქვეყნოს, რადგან სპორტსმენს დასამალი არაფერი აქვს.
ირმა ჭკადუა დეტალურად აღწერს 21 მაისის მოვლენებს, როცა ნელი დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის სახლში მივიდა. მისი მტკიცებით, ძალადობის ფაქტი საერთოდ არ მომხდარა.
მტკიცებულებაში, რომელიც ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, არის ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, არ დგინდება რაიმე ფორმით ძალადობა. მან მოითხოვა ბავშვის კატეგორიულად წაყვანა, ნიკამ უთხრა, რომ ეს იყო ხუთშაბათი, ნიკასთვის გამოყოფილი დღე და ნიკას უნდოდა ის ბავშვთან ერთად გაეტარებინა. მაგრამ რახან კატეგორიულად მოითხოვა და ბავშვმაც იტირა, ბავშვი გადასცა, - აცხადებს ირმა ჭკადუა.
ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ბრალდებულის მამა დოყორაშვილს ვერ გაეკიდებოდა, რადგან ხანშიშესულ კაცს მუხლები აწუხებს და ძალიან ნელა გადაადგილდებოდა.
უცნობია, რა გახდა კონფლიქტის რეალური მიზეზი. რამდენიმე წყარო მიზეზად გერმანელ სპორტსმენს ასახელებს. უცხოური მედია ბოლო დროს აქტიურად წერს ნიკოლზ ბასილაშვილის ახალ სიყვარულზე. შარლოტა ჰელენი სოციალურ ქსელში საკუთარი რჩეულის ფოტოებს აღარ მალავს. გერმანელი სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესაც ესწრებოდა. ის მთავარის კამერამ ნიკოლოზ ბასილაშვილის ავტომობილში დააფიქსირა.
დღეს პრესკონფერენცია გამართეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა. ანა აბაშიძე და ანა თავხელიძე ახალ კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ დაცვის მხარეს დოროყაშვილის სიმართლის დასამტკიცებლად საკმარისი ფაქტები აქვს. ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს ფაქტზე, რომ ბასილაშვილის წარმატება ნელი დოროყაშვილს უკავშირდება.
კამპანია, რომელიც აგორდა ნელი დოყორაშვილის წინააღმდეგ, ქალის დისკრედიტაცისკენაა მიმართული ცალსახად, - ამბობს ადვოკატი ანა აბაშიძე.
მათი თქმით, ევროპოს სასამართლოში ჩივილის საფუძველი გახდება შემაკავებელი ორდერის გაუქმება, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოწერილი ჰქონდა სპორტსმენის დედას შვილიშვილზე ფიზიკური ძალადობის გამო. ამ შემთხვევაში სასამართლომ ბასილაშვილის დედა გაამართლა და შემაკავებელი ორდერი გააუქმა.
ქალებზე გახშირებული ძალადობასა და დოროყაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია ღიად აცხადებს, რომ სოლიდარობას დოყორაშვილს უცხადებს, თუმცა საქმეს ბოლომდე შეისწავლის.
სპორტსმენის მხარდამჭერი განცხადება, ჩოგბურთის ფედერაციის შემდეგ, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმაც გამოაქვეყნა.
მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის #27 ჩოგბურთელისადმი ინტერესს დასავლური პრესაც აქტიურად იჩენს, თუმცა შეფასებები საკმაოდ თავშეკავებულია. ევროპული მედია გამოძიების დასრულებას ელოდება.