
"ნუ გვისმენთ!" - ამ შინაარსის სტიკერები გააკრა ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა ნარსიამ მერიის შენობის ფასადზე.
სტიკერების გაკვრას ადგილზე ხმაური მოჰყვა. ნარსიას მერიის დაცვის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ და ფასადიდან სტიკერები მალევე ჩამოხსნეს.
ოპოზიციის კანდიდატმა ამ ფორმით სუს-ის საიდუმლო ფაილებში ასახული სავარაუდო უკანონო მოსმენებისა და მიყურადების ფაქტები გააპროტესტა, რომელიც გუშინ გავრცელდა.
"ეს ქალაქის მერი დანიშნა სუს-მა, ახლაც არჩევნებს ატარებს სუს-ი. არავინ არ თქვათ ქალაქის მერი ან ვინმე იყრის კენჭს, ეს ადამიანები არაფერს არ ნიშნავენ საერთოდ.",- ამბობს ნიკა ნარსია.
ნარსიას ქუთაისის სარკებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრაც სურდა. როგორც მან თქვა, თავმჯდომარისთვის უნდა მიეწოდებინა დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს ერთ-ერთი წევრი თემურ ნადირაძე ქონებრივ დეკლარაციას არასწორად ავსებს. დაცვის თანამშრომლებმა ნარსია შენობა არ შეუშვეს, დოკუმენტაცია კი დაუხიეს.
შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.
"მთავარმა არხმა" პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე