
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული "ბინძური პროვოკაციაა".
კასპში, პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენისას ღარიბაშვილმა ისრები კვლავ "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით გადაისროლა. მან ენმ-ს დააკისრა პასუხისმგებლობა იმ ჩანაწერების მომზადებასა და გავრცელებაზე, რომელიც 2014-2021 წლების პერიოდს მოიცავს.
"ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს და მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ. არაერთხელ გვითქვამს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები...
იციან რა, რომ ისინი ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, რა უნდა მოეფიქრებინათ თუ არა რაღაც გამოგონილი ლეგენდები და ამას აკეთებს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით, რაც მთავარია, კიდევ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტისთვის გადაცემით. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს და ასეთ ძალას კიდევ ვინმემ მისცეს ხმა. ეს ხომ არის თანამონაწილეობა ამ ღალატში. ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს ადამიანები უცხადებენ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს თავისუფლებას, ასეთ განვითარებას, პროგრესს და მოაჩვენებენ, როგორც აპოკალიფსს.
მივალთ 2 ოქტომბერს, ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ. არჩევნები დამთვარდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.
დოკუმენტებში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე, მოსაყდრე შიოზე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესა და პატრიარქთან დაახლოებულ სხვა პირებზე.
პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა, "მთავარმა არხმა" გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.