"ქართული ოცნების" დეპუტატი, ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა ფიქრობს, რომ სუს-ის საიდუმლო ფაილები, რომლებიც 2014-2021 წლებს მოიცავს, წინა ხელისუფლების მიერ არის მომზადებული.
მისი თქმით, ჩანაწერები "დამონტაჟებულია" და მათი გავრცელება საზოგადოებაში აჟიოტაჟის გამოწვევას ისახავს მიზნად.
"ეს ჩანაწერები ვისი ხელწერაც არის და ვინც დაიწყო, ვფიქრობ, რომ იმდროინდელია, თუმცა ამას გამოძიება სჭირდება. არ გჯერათ, რომ ეს შეიძლებოდა ჩაეწერათ? ამ ყველაფერს სჭირდება გამოკვლევა, დადასტურება ავთენტური არის თუ არა ეს მასალები. როგორც ვატყობ, როგორც წინა ჩანაწერების გამოქვეყნება იყო, ეს არის რაღაც შეთხზული, დამონტაჟებული 1500-ჯერ მიწეპებული და გამოტანილი იმისთვის, რომ ხალხში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და უნდობლობა. ეს ვისი ხელწერაც არის ძალიან კარგად ვიცით, ვინც აკეთებდა ჩანაწერებს, ვინც იღებდა ვიდეომასალებს - 9 წლის წინ რომ მთავრობა იყო, ის ",- ამბობს დავით კაჭარავა.
შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.
"მთავარმა არხმა" პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.