
პარტია "დროა" საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებას, რომელშიც სავარაუდო უკანონო მოსმენებისა და მიყურადების ფაქტებია ასახული.
როგორც პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ტოტალური მოსმენები, რომელიც ფაქტობრივად ყველა ადამიანზე ხორციელდება, 2 ოქტომბრის არჩევნებით უნდა დასრულდეს.
"პირველი - დროა არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ამ უკანონო და ბინძური ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ინტერესებში შეიძლება, ეს შედიოდეს. მეორე - ჩვენ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, უნდა დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პოლიცია აღარ იარსებებს და სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება, სუს-ის მთავრი ფუნქცია იქნება კონტრდაზვერვისა და ანტიტერორისტული საქმიანობა. და ბოლოს, მთავარი პასუხი ამ გაუგონარ თავგასულობაზე უნდა იყოს 2 ოქტომბრის არჩევნები. ბრაზმა, რომელიც ყველას გვეუფლება, უნდა შემოგვახაზინოს უარი "ქართულ ოცნებას" და არჩევანი კოალიციური ხელისუფლების სასარგებლოდ", - ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.
"მთავარმა არხმა" პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.