"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ქუთაისში, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და "ქართული ოცნების მიერ" ამომრჩევლის მოსყიდვის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.
ხატია დეკანოიძემ წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდის მიერ კამპანიის წარმოების დროს ჩადენილ მძიმე დარღვევებზე ისაუბრა და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
"ზესტაფონის მაგალითზე, ხედავთ კადრში როგორ იყენებს ზესტაფონის მერია დასუფთავების სამსახურის მთელ ადმინისტრაციულ რესურს და ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას პროდუქტებით. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობიდან ზესტაფონის მოსახლეობას დაიმ ადამიანებს, რომლებსაც უკავშირდება დასუფთავების სამსახური, პროდუქტებს ატანენ სახლებში.
უნდა დავასახელო კონკრეტულად ეს ადამიანი. ეს არის დასუფთავების სამსახურის უფროსი, ოლეგ შველიძე. მივმართავ ცესკოს, სპეციალურ წარმომადგენლობებს ყველას, რომ ამ მძიმე დარღვევებზე ჰქონდეთ რეაგირება",- ამბობს ხატია დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძის თქმით, ადამიანების პირდაპირი მოსყიდვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ეუთო ოდირის მისიის წევრებსაც მიაწვდიან.