მესტიის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის ქმარმა, დამ და დედამ 373 811 ლარის ტენდერები მოიგეს - TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის, მარიამ ნაკანის მეუღლე - თეიმურაზ გულედანი, და - თამარ ნაკანი და დედა - ლამარა გულბანი ადგილობრივ შესყიდვებში არიან ჩართული.

ორგანიზაციის ცნობით, მათ ჯამში სახელმწიფო შესყიდვებიდან 373,811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები მიიღეს. ძირითადი ნაწილი - 346,973 ლარის ღირებულების კონტრაქტები თეიმურაზ გულედანის მიერ 2017 წლიდან დღემდე მოგებულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებზე მოდის.

"მარიამ ნაკანი მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციას 2014 წლიდან იკავებს. მისი მეუღლე, თეიმურაზ გულედანი შესყიდვებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს. მან 7 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 5 გამარტივებული შესყიდვა. 7 ტენდერიდან 3 შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია, ერთხელ კი მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება იყო, ასევე ხუთი გამარტივებული შესყიდვიდან თითო მესტიის მერიასა და მესტიის დასუფთავების სამსახურზე მოდის.

თეიმურაზ გულედანმა უშუალოდ მესტიის მერიისა და მისი იურიდიული პირებისგან ჯამურად 275 395 ლარი მიიღო, რაც მის მიერ მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულების 80% შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გულედანის მიერ მოგებული მესტიის მერიის სამი შესყიდვის შემთხვევაში, სატენდერო კომისიის წევრი იყო მისი მეუღლე, თუმცა მარიამ ნაკანის ხელმოწერა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებზე არ ფიქსირდება.

მარიამ ნაკანის დედამ, ლამარა გულბანმა 2013-2018 წლებში 12 513 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, მათ შორის 8 817 ლარის ღირებულების 7 გამარტივებული შესყიდვა მესტიის მუნიციპალიტეტისაგან.

თამარ ნაკანმა, მარიამ ნაკანის დამ კი 2016 წლიდან დღემდე 14 325 ლარის ღირებულების 5 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, 3 შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია, ორჯერ კი მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო სკოლა იყო", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი