
"ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი" - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ სუს-ის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არ გამორიცხავს, ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებსაც მიმდინარე პროცესის სჯერათ, "პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლები აღმოჩნდნენ".
"მე მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის, იყავით ფრთხილად, იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა, პროფესიონალიზმით თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ", - თქვა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.
"მთავარმა არხმა" დაადგინა სავარაუდოდ იმ პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა.