
სუს-დან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის სპეციალური სხდომის მოწვევას ითხოვს და დეპუტატების ხელმოწერების შესაგროვებლად, კონსულტაციებს იწყებს.
"ლელო" საკანონმდებლო ორგანოში გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებასა და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების მოსმენას ითხოვს:
"შემიძლია დავადასტურო, რომ ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი სასულიერო პირის ჩემთან კომუნიკაციას შეეხება, არის სიტყვა-სიტყვით, ზუსტად ფაილში გადატანილი. აღმოჩნდა, რომ განურჩევლად ყველა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ობიექტი ვართ. გადაუდებელი საჭიროებაა პარლამენტმა ეს უპრეცედენტო ვითარება განიხილოს და პოლიტიკური დებატები გაიმართოს", - თქვა ფრაქციის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, რეგლამენტის მიხედვით, საგანგებო სხდომის მოსაწვევად საჭიროა დეპუტატთა 3/4 - ის ხმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და სარჩელი სტრასბურგის სასამართლოსაც უნდა გადაეგზავნოს.