2015 წლიდან დღემდე, სუს-ზე ბიუჯეტიდან 800 393 700 ლარი დაიხარჯა - ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

სუს-ის მხრიდან მოქალაქეების შესაძლო ტოტალური უკანონო მოსმენა-მიყურადებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პარალელურად, 2015 წლიდან დღემდე, უწყებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 393 700 ლარი დაიხარჯა - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, სუს-ის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება იმის მიუხედავად, რომ უწყებაში სტაბილურად 3 850 თანამშრომელია დასაქმებული. 

"2015-2021 წლებში სუს-ში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე 558,998,100 ლარი დაიხარჯა. ამ წლების განმავლობაში ორგანოს დაფინანსების 70% შრომის ანაზღაურებაში იხარჯებოდა", - ამბობენ ორგანიზაციაში. 

რაც შეეხება უწყების ხელმძღვანელებს, "ფლანგვის დეტექტორი" წერს, რომ 2015-დან 2019 წლამდე, სუს-ის უფროსის თანამდებობას ამჟამინდელი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური იკავებდა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვას ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება სუს-ის მოქმედ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, ის უწყებას 2019 წლიდან ჩაუდგა სათავეში. ლილუაშვილი გომელაურის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდანაა. ის საჯარო თანამდებობებზე დანიშვნამდე ივანიშვილის კომპანიებში იყო დასაქმებული. სუს-ში მუშაობის განმავლობაში (2017 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით) გრიგოლ ლილუაშვილს შრომის ანაზღაურების სახით 306,306 ლარი აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. 

"მთავარმა არხმა" დაადგინა სავარაუდოდ იმ  პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი