
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანაშემწე და მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი ევროპარლამენტის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს - ინფორმაციას ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.
სწორედ ამ კომიტეტის მოვალეობაა ევროპის მასშტაბით რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
რაფაელ გლუკსმანი, რომელიც იყო მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ჩემი თანაშემწე, მრჩეველი და ასევე ახლო მეგობარი, ახლახან აირჩიეს ევროპის პარლამენტის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი კომიტეტის თავმჯდომარედ.
ეს არის ის კომიტეტი, რომელიც ევროპის მასშტაბით ებრძვის რუსულ პროპაგანდას და ტყუილებს, რაც ყველაზე აქტუალურია საქართველოში.
დღეს ძალიან გამიხარდა რაფაელთან არაფორმალური შეხვედრა სტრასბურგში, ძალიან ბევრი გვქონდა განსახილველი მის გეგმებზეც და ასევე, ჩემს უახლოეს ნაბიჯებზე და ბევრი საინტერესო ამბავი გავიგე.
ის უდავოდ არის თანამედროვე ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ამომავალი ვარსკვლავი და ასევე, ევროპარლამენტის აქტიური წევრი.- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.