„ქართული ოცნების“ ოდიოზური დეპუტატი, კარლო კოპალიანი საქართველოს პარლამენტს ტოვებს. სკანდალური განცხადებებით ცნობილი კარლო კოპალიანი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტს უხელმძღვანელებს.
„ოცნების“ დეპუტატი დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. კოპალიანის იმ უნივერსიტეტის მართვა ჩააბარეს, რომლის ბიუჯეტი ყოველწლიურად 50 მილიონი ლარია.
კარლო კოპალიანმა კანცლერობამდე რამდენიმე ფორმალური გასაუბრება გაიარა, თუმცა ბოლო დღე მისი კანცლერობის გზა მარტივი აღმოჩნდა. არჩევნების წინ კოპალიანის კონკურენტებმა მოულოდნელად ერთმანეთის მიყოლებით კანდიდატურების მოხსნა დაიწყეს.
კარლო კოპალიანი ამტკიცებს, რომ 50 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე სასწავლებელი ისე ჩააბარეს, რომ პარტიას ამ საქმეში არ ჩარეულა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის უნივერსიტეტის კანცლერობას მმართველი საბჭოს 35-დან 34-მა წევრმა მისცა ხმა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ოდიოზური დეპუტატისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული უნივერსიტეტის ჩაბარება პარტია „ქართულ ოცნებაში“ გადაწყდა და კოპალიანი პროფესიული ნიშნით არ შეურჩევიათ.
„ოცნების“ დეპუტატი კანცლერის მანდატს ოფიციალურად წარმომადგენელთა საბჭოს კენჭისყრის შემდეგ ჩაიბარებს. მანამდე კი, რეგლამენტის თანახმად, მას საპარლამენტო მანდატის დატოვება მოუწევს. ვინ დაიკავებს მის ადგილს პარლამენტში, ჯერჯერობით, უცნობია.