უკანონო ჩაწერებზე დავალება არ გამიცია, ეს არის ბინძური პროპაგანდა არჩევნების წინ - გახარიას პასუხი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ "ბინძური პროპაგანდის" აგორებასა და "ჭორაობაში" ადანაშაულებს.

ის მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა, სუს-ის სკანდალური ჩანაწერების საქმესთან სწორედ გახარია და მისი თანაგუნდელი - სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ დაკავშირებული. 

გახარია ღარიბაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მას უკანონო ჩაწერებზე დავალება არ გაუცია. ამასთან ყოფილი პრემიერი არ გამორიცხავს, რომ "ქართულ ოცნებას" მისი საუბრების ჩანაწერიც ჰქონდეს.

"მე ასეთი დავალება - უკანონო ჩაწერა განახორციელეთ, არ გამიცია. იმ ადამიანების გვარებს, რომელსაც ასე უდიერად მოიხსენიებენ, ჩემი კოლეგების, ჩემი თანამებრძოლების, იმის ნახევარიც არ გაუკეთებიათ, რაც გაუკეთებია ამ ხალხს.

თანამდებობის პირები რომ ეწყობიან, პრემიერიდან დაწყებული, მერით და პარტიის თავმჯდომარით გაგრძელებული და ირიბ მინიშნებებს რომ აკეთებენ, ამას ჰქვია ბინძური, ნეგატიური პროპაგანდა, არჩევნების წინ. ერთადერთი რაც შეუძლიათ, ჭორაობა და მუქარა, ოღონდ ამ მუქარის არავის ეშინია.

შეიძლება, მეც ვყავარ სადღაც ჩაწერილი, მაგრამ აჩვენონ, ერთი ძალიან მაინტერესებს, რას აჩვენებენ", - თქვა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 16 სექტემბერს, თქვა, რომ სუს-ის ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის გახარიას გუნდის წევრების ჩართულობის კუთხითაც.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. 

ამავე თემაზე:

"არაფერს გამოვრიცხავთ" - გახარიას გუნდის წევრი საბანაძისა და ხოჯევანიშვილის შესაძლო დაკავებაზე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი