ირკვევა რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ ქარელში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ოპერატორი სასიკვდილოდ გაიმეტეს, ბიძინა ივანიშვილთან და ქარელის მერობის კანდიდატთან, ზაზა გულიაშვილთან დაახლოებული პირები არიან.
მთავარმა დაადგინა რომ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი ქარელის მერის ბავშვობის მეგობარი კრიმინალური წარსულის მონაწილე ილია ქელეხსაშვილია.
ინციდენტში მონაწილე მეორე პირი კი, რომელმაც ჟურნალისტს ოფისი ძალის გამოყენებით დაატოვებინა საკრებულოს დეპუტატი ყარამან როინიშვილი.
ზაზა გულიაშვილი კი მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ქურდობისთვის იყო ნასამართლევი, რის გამოც მას ოცნების შიდა წრეებშიც და ქალაქშიც ჩლიქოსანს ეძახიან.
ზაზა გულიაშვილმა თავი გასული წლის მაისშიც გამოიჩინა, როდესაც საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეებს, რომლებმაც 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობის ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემაზე პროტესტი გამოთქვეს, დედა აგინა.
ქარელის მერობის კანდიდატისთვის პრობლემას არ წარმოადგენს მცოცავი ოკუპაციაც.
მთავარ არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა გაგრძელდა გუშინ ქარელის საავადმყოფოშიც. ქართული ოცნების წევრებმა კლინიკის ეზოში აგარის საკრებულოს წარმომადგენლები მოაბილიზეს.
აგარის საკრებულოს თავმჯდომარე ბორის მესხი თანამშრომლებთან ერთად კლინიკის ეზოში მივიდა და მთავარი არხი დეზინფორმაციაში ისე დაადანაშაულა რომ თავად ოპერატორის დაშავების ფაქტს არ შესწრებია.
დღეს აგარის საკრებულოში გვარწმუნებდნენ რომ გვიან ღამით კლინიკის ეზოში პირადი საქმეების მოსაგვარებლად იყვნენ მისულნი.
უცნობია დაიკითხა თუ არა ვინმე იმ პირებიდან რომლებმაც მთავარი არხის ოპერატორი სასიკვდილოდ გაიმეტეს და 3 მეტრის სიმაღლიდან გადმოაგდეს.
კუნთმაგარი ბიჭები და სუსის აგენტები კი დღეს ქარელის ოცნების ოფისს და ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვაკონტროლებდნენ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი