"ოცნების" დაპირებული პროექტები ქუთაისში, რომელთა განხორციელებაც დღემდე არ დაწყებულა - TI-ს კვლევა

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ინფორმაციას ავრცელებს იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქუთაისის მოსახლეობას წლების განმავლობაში ჰპირდება. 

ორგანიზაციის ცნობით, პროექტებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები რამდენიმე წელია აანონსებენ და საჯარო პრეზენტაციებსაც მართავან, თუმცა მათი უმრავლესობა დღემდე არ დაწყებულა.

ელექტრომობილების ქარხანა

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენება 2019 აპრილში მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა. 2019 წლის ივნისში გრანდიოზული პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისში. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ქარხანა 2020 წლიდან მიაწოდებდა ბაზარს ელექტრომობილებს.

2019 წელს კომპანია “ბიგ სერვისს“ სახელმწიფომ ქუთაისში აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 99 000 ლარად გადასცა.  საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მფლობელს  ადგილზე ორი წლის ვადაში  უნდა აეშენებინა  საწარმო, რომელიც გათვლილი იქნებოდა სულ მცირე 5000 ერთეული ავტომობილის წარმოებაზე და დაასაქმებდა  300 ადამიანს.

მცირე სამუშაოები კომპანიამ ქარხნის ასაშენებელ ტერიტორიაზე მართლაც დაიწყო, თუმცა ქარხანა დღემდე არ დასრულებულა. მშენებლობის პროცესი, ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, 2022 წლამდე გადავადდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პროექტის გადავადება კოვიდ-პანდემიამ გამოიწვია.

"ოცნების ქალაქი" ქუთაისში

2016 წლის მარტში ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაანონსდა. პროექტი სასტუმროების, აკვაპარკის, სამორინეს, კინოთეატრის, გასართობი კომპლექსებისა და სხვა ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს შპს „აია ინტერტაიმენტი” გეგმავდა, ჯამური საინვესტიციო თანხა კი 273 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო.

2016 წლის თებერვალში კომპანიის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პროექტის Kutaisi resorts მშენებლობის წინადადებით მიმართეს და 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება სთხოვეს. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი - 204 606 კვ.მ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. ეს ტერიტორია ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო რწმუნებულის მიმართვის საფუძველზე, ქუთაისის საკრებულოს 2016 წლის 21 მარტის N244 განკარგულებით, სახელმწიფოს გადაეცა. თუმცა, ქუთაისში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა არ დაწყებულა და  მიწის ნაკვეთი 2020 წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ თვითმმართველობას დაუბრუნა, რაც ნიშნავს, რომ პროექტი აღარ განხორციელდება.

ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა

2016 წელს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისიდან ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა დაანონსა. პროექტის პრეზენტაცია 2017 წლის 3 აპრილს გაიმართა, რომლის მიხედვითაც ახალი სადგური  უშუალოდ ქუთაისის აეროპორტთან უნდა აშენებულიყო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ პროექტი 364 დღეში დასრულდებოდა, თუმცა არც დაწყებულა.

ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით შეიცვალა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2019 წელს ახალი სადგურის მშენებლობის ნაცვლად, ძველი სადგურის რეაბილიტირება გადაწყვიტეს. იგი აეროპორტისგან მოშორებით მდებარეობს.

საქართველოს რკინიგზის კოპიტნარის სადგურის რეაბილიტაციის გეგმა საბოლოოდ 2020 წელს დამტკიცდა, წლის ბოლოს კი ტენდერიც გამოცხადდა. ტენდერში შპს "ინჟმშენი 96-მა“ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 2021 წლის მარტში გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 1,247,736 ლარია, ხოლო შესრულების ვადად 2021 წლის 30 დეკემბერი განისაზღვრა.

"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" დოკუმენტის თანახმად განუხორციელებელ პროექტბს შორისაა ასევე "100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია", "დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია" და "რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი