გვექნება უმწვავესი კითხვები - ოპოზიცია პარლამენტში მწვავე დებატებს აანონსებს. როგორც ცნობილია, ქვეყნის პრემიერი ხვალ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით წარდგება. საპარლამენტო ოპოზიციას კი უკვე მზად აქვს კითხვები, რომელიც როგორც ეკონომიკურ კრიზისს, ასევე მოსალოდნელ პოლიტიკურ კრიზისს ეხება.
საქართველოს აქვს რეგიონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი,რაც შეეხება შიმშილის ინდექსს, ეკონომიკის მდგრადობის მონაცემებს, გვექნება უმწვავესი შეკითხვები.
ასევე გვექნება კითხვები პოლიტიკურ თემებზე. ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლებამ რომ საფრთხე შეუქმნას 8 მარტის შეთანხმებას ასევე ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ეს პრემიერის რანგში გიორგი გახარიას ბოლო ანგარიშია საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეცვლის გახარიას, რადგან რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.
გვაქვს კომუნისტური წყობის მსგავსი სისტემა, როცა პარტიის ხელმძღვანელ ივანიშვილს აქვს უსაზღვრო ძალაუფლება. მასზეა დამოკიდებული ყველაფერი, როდის გამოცვლის მის რომელიმე პოლიტიკურ პაიკს ეს არ ვიცით, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს თამაშის წესი შევცვალოთ ამ ხელისუფლების დამარცხებით არჩევნებზე, - ამბობს ბოკერია.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია, მაშინ, როცა მმართველი გუნდი მსოფლიო პანდემიას ღირსეულად ებრძოდა ჩრდილში იყო გამდგარი. ახლა კი, როცა წარმატება და პოზიტივი დიდია და პრობლემებიც გამოკვეთილია, ჩვეულ ფორმას დაუბრუნდნენ.
რაც უფრო მეტია წარმატება და პოზიტივი ოპოზიციამ გადაწყვიტა, ჩრდილიდან გამოვიდეს და შეტევები განახორციელოს ყველა მიმართულებით, - ამბობს ვოლსკი.
გახარია პარლამენტში ხვალ მიდის, თუმცა ანგარიშის წარდგენის შემდეგ მას პარლამენტში მისვლა ისევ მოუწევს, რადგან ოპოზიცია ინტერპელაციის წესით იბარებს.