"შვილებით ემუქრებოდნენ" - ვაშაძის ინფორმაციით, მათი კანდიდატი სამტრედიაში გაიტაცეს და კანდიდატურის მოხსნა აიძულეს 

გამოქვეყნდა:

გუშინ, 8 საათის მანძილზე უკანონოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე, სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი - განცხადება ამის შესახებ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, საკანდელიძე გაიტაცეს და რამდენიმე საათის განმავლობაში და მუქარის შედეგად აიძულეს, კანდიდატურა მოეხსნა.

როგორც ვაშაძე ამბობს, აღნიშნულ დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მომხდართან დაკავშირებით, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათ დასჯას მოითხოვს.

"სისტემურ საარჩევნო დანაშაულში ჩართული არიან კრიმინალები, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი, საოლქო-საარჩევნო კომისია. გუშინ, 8 საათის მანძილზე უკანონოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე, სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მას დაეწერა განცხადება და მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატურა მოეხსნა. ის არის 4 შვილის მამა და მას საკუთრი შვილებით ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, შენი შვილები აქ თამაშობენ სტადიონზე და ა. შ. კონკრეტული მუქარა განხორციელდა არა მხოლოდ მასზე, არამედ მის შვილებზეც. საბოლოოდ, მას აიძულეს ამ რამდენიმე საათის ზეწოლის შემდეგ დაეწერა განცხადება." ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, პარტიამ მოულოდნელად,  "იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაიგო, რომ  საკანდელიძემ კანდიდატურა მოხსნა. როგორც ვაშაძე ამბობს, განცხადება კანდიდატურის მოხსნაზე სამტრედიის "ოცნების" შტაბში დაიწერა და საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცა.

"ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი ვეძებდით მას და ბოლოს, დაახლოებით 5-6 საათზე ვიპოვეთ ეს ადამიანი. მან სრულად აღწერა ის ინფორმაცია, რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც ჩადის "ქართული ოცნება", კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია სამტრედიაში. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ განცხადების გაუქმებას“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ნიკა საკანდელიძე მზად არის ყველა ის პირი ამოიცნოს, ვინც მის მიმართ სავარაუდო ზეწოლა განახორციელა.

ვაშაძე აპირებს, ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაწოდოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი