
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "საიას" საკონსტიტუციო სარჩელს "აბსურდულს" უწოდებს.
საქმე ეხება, სარჩელს, რომლითაც, ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
კობახიძის თქმით, მსგავსი სარჩელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საკონსტიტუციოში ენმ-მ, "რევოლუციური სცენარის" მიზნით შეიტანა, ახლა კი იგივე გააკეთა საიამ, რაც კობახიძის თქმით, არასამთავრობოს მხრიდან, "შემაშფოთებელია"
"არჩევნებამდე 2 კვირით ადრე არჩევნებისთვის პრობლემების შექმნას ახალი აბსურდული სარჩელით გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს.
როცა 3 თვის წინ ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ კანონზე, არც მიღების პროცესში და არც 3 თვის შემდეგ არაფერს ამბობ და შემდეგ ამ კანონს ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში აპროტესტებ, ეს სარჩელის უკან მდგარ უაღრესად მანკიერ პოლიტიკურ მოტივზე, ბუნებრივია, თავისთავად მეტყველებს",- თქვა კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 18 სექტემბერს შეიტანა.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები, ხმის თანაბარი წონის პრინციპს არღვევს, რის გამოც გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.