სისხლიანი ბანერებით სავსე ქვეყანა | "ოცნების" სიძულვილის კამპანია

გამოქვეყნდა:

"განვითარება" ჩვენი ხელისუფლებისთვის იმდენად უცხო ცნებად იქცა, რომ დადებითი მიმართულებით წინსვლაზე ხომ საერთოდ აღარც ვოცნებობთ, მაგრამ უარყოფითი მიმართულებითაც კი დაკარგული აქვთ განვითარების უნარი. 

სისხლიანი ბილბორდები, რომლებითაც მეორე დღეა ისევ გადააჭრელებულია ქვეყანა, თავისთავად ხომ საზიზღრობაა, ოღონდ ცალკე კატასტროფა ის არის, რომ ამდენი წლის შემდეგ "ქართული ოცნება" ამ ერთსადაიმავე უგემოვნობას ვერ გასცდა - ვითომ ბოროტებას ებრძვიან და ამ დროს თვითონ რამხელა ბოროტებაა ჯერ საერთოდ ამ სიმახინჯით ქუჩების და ადამიანთა ყოველდღიურობის დაბინძურება და, მითუმეტეს, როდესაც ამისთვის ვაქცინაციისკენ მომწოდებელ ისედაც თითზე ჩამოსათვლელ ბანერებს წირავ. 

ხვდებით, როგორ კიდიათ თქვენი სიცოცხლეც, ფიზიკური ჯანმრთელობაც და ფსიქიკურიც? - ჯერ საკუთარ თავს როგორ უნდა აკადრო მსგავსი უგემოვნობა და მერე მოსახლეობას, ისედაც ამდენი პრობლემის ფონზე... იმის ნაცვლად, რომ ხალხის ცხოვრების გალამაზებას შეეცადო. 

"ქართული ოცნება" 9 წლის განმავლობაში ნაკეთები და დაგროვილი კეთილი და სასარგებლო საქმეებით კი არ არსებობს, არამედ ისევ სხვების ბოროტების წარმოჩენის ხარჯზე - წესით, ოცნებას იმდენის გაკეთება შეეძლო და უნდა მოესწრო 9 წლის განმავლობაში, რომ საერთოდ აღარ უნდა დაჭირვებოდა წინამორბედების გახსენება.

მაგრამ ვინაიდან თავიანთი მიღწევებიდან ბევრი ვერაფერი აქვთ საჩვენებელი, ამიტომ ისევ ამ სისხლიანი ბანერების მეთოდს მიმართავენ და, ფაქტობრივად, გვეუბნებიან - ჩვენ კი ცუდები ვართ, მაგრამ ნაცები უარესები არიან, ამიტომ აგვირჩიეთ ისევ ჩვენ.

არადა, მაგრები რომ ყოფილიყავით, ასეთი რამის თქმა უნდა შეგძლებოდათ - ნაცებმა რა წარმატებებსაც მიაღწიეს, ჩვენ იმაზე ათჯერ მეტი შევძელით. ამიტომ აგვირჩიეთ ისევ ჩვენ.

მაგრამ რანაირად იტყვით ამას, როდესაც სულ რამდენიმე თვის წინ თქვენი წარმატების მთავარი სახე, წინა არჩევნებზე თქვენი სიის პირველი ნომერი და პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, ახლა უკვე თვითონ გყავთ სისხლიან ბილბორდზე გამოჭიმული...
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი